ინფორმაცია

გეოგრაფია – საქართველოს გეოგრაფია

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მრეწველობა:

დღეისათვის საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგია მომსახურება და სოფლის მეურნეობა. სწორედ აქ იქმნება მშპ-ის უდიდესი ნაწილი და ამ სფეროებშია დასაქმებული შრომითი რესურსების უმეტესობა. მშპ-ის მიხედვით საქართველო სახმელეთო მეზობლებს შორის წინ უსწრებს სომხეთს. ევროპაში იგი 36-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 113-ეზე.

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილია ნავთობისა და ნახშირის მრეწველობითა და ელექტროენერგეტიკით.

საქართველოში ნახშირის მოპოვებას 150-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ამ დროს დაიწყო ტიბულის საბადოების ექსპლუატაცია, ტყვარჩელში კი ნახშირის მოპოვება 1935 წლიდან მიმდინარეობს.

საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე.

სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ელექტროენერგეტიკა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად არის სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეული, მაგრამ იგი ძალზე მდიდარია ჰიდრორესურსებით.

ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, პირველი თბოელექტროსადგური თბილისში 1887 წელს ჩადგა მწყობრში. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემა 1934 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის 8 თბოელექტროსადგურსა და 58 ჰიდროელექტროსადგურს მოიცავს.

ქვეყნის უდიდესი თბოელექტრო სადგურია თბილსრესი (თბილისის რაიონული თბოელექტროსადგური). იგი პირველად 1963 წელს ამოქმედდა.

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

პირველი ჰესი საქართველოში 1898 წელს ბორჯომის ხეობაში აშენდა და მისი სიმძლავრე 103 კვტ-ს უდრიდა. 1913 წელს ჩვენს ქვეყანაში უკვე მოქმდებდა საკმაოდ მცირე სიმძლავრის 8 ჰიდროელექტროსადგური. ქვეყანაში მოქმედი ჰესებიდნ უდიდესია ენგურჰესი.

საქართველოს მრეწველობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეტალურგიას. მოქმედებს შავი მეტალურგიის ორი(რუსთავი და ზესტაფონი) და ფერადი მეტალურგიის ერთი საწარმო(მადნეული). დარგი ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე.

საკმაოდ რთული სტრუქტურით გამოირჩევა ქვეყნის მანქანათმშენებლობა. ახლო წარსულში საქართველო ცნობილი იყო ისეთი საწარმოებით, როგორებიცაა საავიაციო ქარხანა, თბილისის “ელმავალთმშენებელი: ქარხანა, თბილისის საწარმოო გაერთიანება “ჩარხმშენებელი”, თბილისის ტელევიზორების ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო საწარმო, ფოთის და ბათუმის გემთსაშენი და გემთშემკეთებელი საწარმოები.

მრეწველობის სხვადასხვა დარგებიდან, ასევე, აღსანიშნავია ქიმიური და ნავთობ-ქიმიური (რუსთავი, ბათუმი), მსუბუქი მრეწველობა (თბილისი, გორი, თელავი, ქუთაისი, სენაკი), სამშენებლო მასალების ინდუსტრია (კასპი, თელავი) და ა.შ.

საქართველოს მრეწველობის დარგებს შორის, ტრადიციულად, გამოირჩეოდა კვების მრეწველობა, რომელიც მძლავრი სასოფლო-სამეურნეო ბაზის საფუძველზე ვითარდებოდა. კვების მრეწველობაში უძველესი დარგია მეღვინეობა.

საქართველოში მზადდებოდა ბაიხის ჩვეულებრივი (შავი) და მწვანე ჩაი, ასევე აგურა და ლაო ჩაი. ქართUლი ჩაის წარმოების აღდგენის, გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში, მისი მსოფლიო ბაზარზე გატანაც შესაძლებელი გახდებოდა. ტრადიციულად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მინერალური წყლების ჩამოსხმა, ასევე ლუდის, კოკა-კოლას და სხვა წარმოება.

სოფლის მეურნეობა: 

დღეისათვის სოფლის მეურნეობა ქვეყნის მშპ-ის, 12,1%-ს ქმნის და მასში ჩაბმულია მთელი მუშახელის ნახევარზე მეტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის ძირითადი დარგია მევენახეობა, მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა და ზოგიერთი სახის ტექნიკური კულტურების მოყვანა. შედარებით სუსტი პოზიციები უკავია მარცვლეულ კულტურებს და მეცხოველეობას.

მომსახურების სფერო:

ქვეყნის დღევანდელ სატრანსპორტო კოფიგურაციას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა პერიოდიში ჩაეყარა. სახმელეთო ტრანსპორტი საქართველოში წარმოდგენილია სარკინიგზო და საავტომობილო  ტრანსპორტის სახით.

პირველი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა 1871 წელს და ერთმანეთს დაუკავშირდა ზესტაფონი და ფოთი. 1883 წელს სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით ბათუმი-თბილისი-ბაქოს ამიერკავკასიის სარკინიგზო ღერძი შეიქმნა. 1927-1946  წლებში ამოქმედდა სენაკ-ადლერის სარკინიგზო მაგისტრალი და საქართველო რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდა რუსეთს.

დღეისათვის რკინიგზის საერთო სიგრძე საქართველოში 2344,2 კმ-ია.

2006 წელს დაიწყო საქართველოში პირველი ავტობანის მშენებლობა. დღეისათვის კი საავტომობილო მაგისტრალის საერთო სიგრძე 20229 კმ-ია. საქართველოს მთავარი გზატკეცილის რეკონსტრუქცია მთავრობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოში ზღვის საშუალებით ხდება ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელება მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. საზღვაო ტრანსპორტის განვითარება განსაკუთრებული აღმავლობით 1967 წლიდან დაიწყო, როცა ბათუმში საზღვაო-სანაოსნო შეიქმნა.

საჰაერო ტრანსპორტის განვითარება საქართველოში სსრ კავშირის პერიოდში დაიწყო. თბილისი საჰაერო გზებით დაკავშირებულია ჩვენი პლანეტის მრავალ სახელმწიფოსთან. საქართველოში ამჟამად 4 ეროვნული და 13 უცხოური ავია კომპანია მოქმედებს.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი ნავთობსადენი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ათწლეულში შევიდა. 1907 წელს ეს იყო პირველი ნავთობსადენი მთელი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამ მილსადენით ბაქო დაუკავშირდა ბათუმს.
1991 წელს ამოქმედდა აირსადენი, რომელიც ჩრდილეოთ კავკასიიდან თბილისის გავლით მიემართება  სომხეთისკენ.

საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლიდან მოქმედებს, ხოლო სატელევიზიო გადაცემები ეთერში -1957 წლიდან.

საქართველოს მომსახურების სფეროში ასევე მნიშვნელოვანია განათლების, ჯანდაცვის, საბანკო და სავაჭრო სფეროები.

1930 წელს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საყოველთაო სავალდებულო სწავლების შესახებ, ხოლო გასული საუკუნის 70-იან წლებში სავალდებულო გახდა საშუალო განათლება.

1868 წელს თბილისში ამოქმედდა პირველი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება “მიხეილის საავადმყოფო”. 1930 წელს გაიხსნა სამედიცინო უნივერსიტეტი.

ტურიზმი და რეკრეაციული მეურნეობა:

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან რესურსებს ფლობს ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობების განვითარებისათვის. საქართველოში 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილია 2 ათასზე მეტი მინერალური წყალი. მათი რაოდენობით გამოირჩევა წყალტუბოს, ბორჯომის, ჯავის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. ასევე აღსანიშნავია სამკურნალო ტალახი ახტალასა და კუმისში.

საქართველოს საკურორტო-რეკრეაციული ზონებია: ზღვისპირა, ბალნეოლოგიურ-სამკურნალო, ბალნეოკლიმატური, სამთო-კლიმატური, სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის.

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

საქართველოს მოსახლეობა

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც, უპირველესად, სიკვდილიანობის (მოკვდავობის) მკვეთრი შემცირებით აიხსნება. 

XX ს-ის 20-იან წლებში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი აღწარმოების მაჩვენებლები იყო: შობადობა – 33,2­ პერცენტილი, მოკვდაობა – 14,2 პერცენტილი და ბუნებრივი ნამატი – 18,9 პერცენტილი. შემდგომში ეს მაჩვენებლები შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატების მკვეთრი დაცემა 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან აღინიშნა, როცა მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობის კოეფიციენტი, ეს პროცესი 70-80-იან წლებშიც გაგრძელდა, რაც გამოწვეული იყო ურბანიზაციით, შიდა და გარე მიგრაციებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური და მზარდი როლით, ასაკობრივი სტრუქტურის დარღვევითა და სხვა ფაქტორებით.

საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი 2010 წლის მონაცემებით 4,0%-ს უდრიდა.

შობადობის მაღალი დონით გამოირჩევა მთიანი (შიდა) აჭარის, ქვემო ქართლის, ჯავახეთისა და სამცხის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში – აზერბაიჯანლებში, სომხებსა და აჭარის მკვიდრ ქართველებში, ისტორიული ტრადიციებისა და რელიგიური შეხედულებების გამო, ჯერ კიდევ შემორჩენილია მრავალშვილიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარის რეგიონები უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობით გამოირჩევა, აქაც იჩინა თავი დეპოპულაციამ, მაგ., გურიასა და კახეთში.

მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა:

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და გარკვეულწილად ზემოქმედებს მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა.

საქართველოში გარე მიგრაციებთან ერთად შიდა მიგრაციული პროცესებიც მიმდინარეობდა, ძირითადად, 3 მიმართულებით: სოფლიდან სოფლად, სოფლიდან ქალაქად და მცირე ქალაქიდან დიდ ქალაქში.

XX ს-ის 90-იანი წლებიდან საქართველოში მეტად გააქტიურდა მიგრაციული პროცესები და იგი მასობრივი ემიგრაციის ქვეყანა გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი.

ამავე პერიოდში დაიწყო არაქართველი მოსახლეობის ემიგრაცია, ხოლო ეთნიკური კონფლიქტების გამო წარმოიქმნა დევნილთა და ლტოლვილთა მრავალრიცხოვანი ნაკადები.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა:

საქართველოს მოსახლეობაში ქალები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები. განსაკუთრებით დიდია სხვაობა 60 წელზე უხნეს მოსახლეობაში. საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შემდეგი, კანონზომიერება შეინიშნება: სრულასაკოვან მოსახლეობაში კაცებს შორის, ქალებთან შედარებით, მეტია სიკვდილიანობა, რის გამოც იზრდება განსხვავება ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლიბობას შორის. ჩვენს ქვეყანაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელს შეადგენს, კაცებისა კი – 67 წელს.

XX ს-ში საქართველოში შემცირდა ახალგაზრდა თაობის ხვედრითი წილი, გაიზარდა უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა და, შესაბამისად, ადგილი აქვს ე.წ. “დემოგრაფიულ დაბერების” პროცესს. წინა საუკუნეში თითქმის განახევრდა სიკვდილიანობა, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობა. ასეთმა დემოგრაფიულმა პროცესებმა შეცვალა თანაფარდობა მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფებში.

მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურა:

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და აქ 80-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ეროვნული სიჭრელით ყველაზე მეტად გამოირჩევა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები – აფხაზეთი და ქვემო ქართლი.

პირველ მათგანში ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები, ქვემო ქართლში კი აზერბაიჯანლების, სომხებისა და ბერძნების მასობრივი დასახლება XIX ს-ში დაიწყო. საქართველოს ცენტრალურ ნაწილში კომპაქტურად არიან განსახლებულნი ოსები, ხოლო ჯავახეთში – სომხები.

XX ს-ის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო საქართველოდან არაქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ემიგრაცია. თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ ებრაელები, ბერძნები, სომხები, რუსები და მთელი რიგი სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამ და სხვა მიზეზების გამო 1989 წელს ჩვენი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში ქართველების ხვედრითმა წილმა 70,1%-ს მიაღწია, 2002 წელს კი – 83,8 %-ს.

1989 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობაში ქართველების ხვედრითI წილი 67,6%-ია, ხოლო სოფლისაში – 73,3%. ამასთან, რაც უფრო განვითარებულია ქალაქი, მით უფრო მრავალფეროვანია მისი მოსახლეობა. მაგ., თბილისში ქართველები მცხოვრებთა საერთო რაოდენობის 66,1%-ს შეადგენენ.

საქართველოს მოსახლეობა – რელიგიური სტრუქტურა:

საქართველოს მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა ისეთივე ჭრელია, როგორიც ეროვნული შემადგენლობა. ქართველი ერი მსოფლიოს ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უძველესია. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი მსოფლიოს 15 მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიათა რიცხვში შედის. იგი 36 ეპარქიად იყოფა და მთელ საქართველოს მოიცავს. 20002 წლის აღწერით მართლმადიდებელი ქრისტიანია 84%, 9,9% – მუსლიმი, 0,8% – კათოლიკე. 28 ათასი კაცი არ აღიარებს არც ერთ რელიგიას, დანარჩენები სხვა აღმსარებლობას მისდევენ.

აჭარაში ქართველთა მცირე ნაწილი სუნიტი მუსლიმები არიან. აზერბაიჯანლები კი შიიტი მუსლიმები არიან, ქურთული მოსახლეობის უმეტესობა – იეზიდი, ებრალების რელიგია კი იუდაიზმია.

საქართველოში მცხოვრებ არაქართველ ერებს აქვთ თავიანთი სამლოცველოები – რუსული, სომხური, კათოლიკური, ლუთერანული ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები.

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველოს, ბიომრავალფეროვნების მიხედვით, ევროპაში – პირველი, ხოლო მსოფლიოში 71-ე ადგილი უკავია. ენდემების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 8%-ია და მსოფლიოში 56-ე ადგილი უჭირავს, ხოლო ინდექსი 3072-ია.ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დასადგენად იყენებენ სპეციალურ ინდექსს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების სახეობათა საერთო რაოდენობის და მათი ენდემების წილით გამოითვლება.

საქართველოს, ბიომრავალფეროვნების მიხედვით, ევროპაში – პირველი, ხოლო მსოფლიოში 71-ე ადგილი უკავია. ენდემების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 8%-ია და მსოფლიოში 56-ე ადგილი უჭირავს, ხოლო ინდექსი 3072-ია.

უკანასკნელ წლებში მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც მეტად აქტუალური გახდა გარემოსდაცვითი საქმიანობა და ამ მიმართულებით პროგრამების განხორციელება. გარემოს და საზოგადოების მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დაცული ტერიტორიებისს ქსელის გაფართოება. XX საუკუნეში ბუნების დაცვამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და დაცული ტერიტორიების რიცხვი სწრაფად გაიზარდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ბუნებისდაცვითი მიმართულების ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნას. ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციაა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), რომელიც ამჟამად ასზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ახორციელებს თავის საქმიანობას.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს უდიდესი როლი ენიჭებათ ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური განათლების საქმეში.

პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

დაცული ტერიტორიების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ აქ

საქართველოში კანონით აკრძალულია ნადირობა ცხოველთა იმ სახეობებზე, რომლებიც გადაშენების პირასაა, კერძოდ, არჩვზე, ნიამორზე, ჯიხვზე, ზოლიან აფთარზე და სხვა.

1982 წელს გამოცემულ “საქართველოს წითელ წიგნში” მოცემულია ცნობები ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისული ცალკეული სახეობების შესახებ. მასში ცხოველთა 65 და მცენარეთა 161 სახეობაა შეტანილი.

ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ფენომენია არაორგანული ბუნების ძეგლები, რომლებიც მრავლადაა მიმოფანტული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

“წითელ წიგნში” შეტანილია არაორგანული ბუნების 77 ძეგლი. ისინი ორ ჰგუფად იყოფა: ა) გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური – კარსტული მღვიმეები, გამოქვაბულები, კანიონები და ხეობები, ბუნებრივი ხიდები, განამარხებული ტყე, კლდის ბუნებრივი სვეტები და კოშკები და სხვა; ბ) ჰიდროლოგიური – ტბები, ჩანჩქერები, ვოკლუზები და სხვა.

ურბანიზაციისა და ტექნიკური პროგრესის დაჩქარებულმა ტემპებმა მწვავედ დააყენა დიდი ქალაქების ირგვლივ საგარეუბნო და სანიტარული დაცვის მწვანე ზონების შექმნის აუცილებლობა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თბილისი-რუსთავის მწვანე ზონა. იმავე ფუნქციას ასრულებენ საკურორტო ტყეებიც.

სტიქიური მოვლენები საქართველოში

საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და მათი თანამდევი უარყოფითი შედეგები. სტიქიური პროცესებით მეტ-ნაკლები სიძლიერით დაზიანებულია ან მათი ზემოქმედების საშიშროების რისკის ზონაშია ჩვენი ქვეყნის ყველა ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონა – შავიზღვისპირეთიდან დაწყებული მაღალმთიანეთით დამთავრებული. აქ ვლინდბა მეწყერები, კლდეზვავები, ღვარცოფები, ეროზიის სხვადასხვა სახეები და სხვა.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. 1991 წლის რაჭა-იმერეთისა და შიდა ქართლის მიწისძვრების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობები, კულტურის ძეგლები და ა.შ.

მიწისძვრები უმეტესად საქართველოს ბარსა და კავკასიონის სამიჯნაო ზოლში და სამხრეთ მთიანეთში ხდება. მიწისძვრებს ხშირად თან ახლავს მეწყერი, ღვარცოფი, თოვლზვავი, კლდეზვავი და სხვა.

საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული მეწყრული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის ღრმა დანაწევრება და ძლიერ დახრილი ზედაპირი, დაბალი სიმტკიცის მქონე ქანების დიდ ფართობებზე გავრცელება და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა.

საქართველოში მეწყერსაშიში რეგიონებია: რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, სვანეთი, იმერეთი, მთიულეთი და სხვა. დამეწყვრასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება და საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება, მიწისქვეშა წყლების დრენაჟის მოწყობა და სხვა.

ღვარცოფის წარმოქმნა-განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ადვილადშლადი ქანები, უტყეობა და ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი. ღვარცოფული საშიშროების ზონაშია ქვეყნის ტერიტორიის 2 მლნ ჰა ფართობი. საქართველოში ძირითადი ღვარცოფული რაიონებია: თერგის, არაგვის, ალაზნის ზემო დინებათა აუზები.

ღვარცოფის თავიდან აცილების ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: მდინარის კალაპოტში ჯებირების მშენებლობა, ხეობის ფერდობების გატყიანება, ტერასების მოწყობა, კალაპოტის ნაშალი მასალისგან გაწმენდა და სხვა.

საქართველოს საშუალო და, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელია კლდეზვავები და თოვლზვავები. კლდეზვავური წარმოშობისაა რიწის, ამტყელის და ქვედის ტბები.

თოვლის ზვავს იწვევს ფერდობების თოვლით გადატვირთვა, ინტენსიური თოვა, ახალი თოვლის ძველთან ცუდი შეჭიდულობა. ზვავები ხშირია კავკასიონზე – მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე მთიან აჭარაში და სხვ. მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ფერდობების დატერასება და გატყიანება, დამცავი ნაგებობების მშნებელობა, ხელოვნური აფეთქებით პატარა ზვავების გამოწვევა და სხვა.

საქართველოში მდინარეთა წყლიანობის რეჟიმთან დაკავშირებულია ისეთი სახიფათო სტიქიური მოვლენები, როგორიცაა წყალმოვარდნა და წყალდიდობა.

წყალმოვარდნას ძირითადად იწვევს თავსხმა წვიმები, ზოგჯერ უეცარი დათბობა და თოვლის დნობის პერიოდში უხვი წვიმების მოსვლა, შემოდგომაზე კი – ხანგრძლივი გაბმული წვიმები. საქართველოს მდინარეებზე ჩამოყალიბებული წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების სიმძლავრით გამოირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები. ზოგ მათგანზე, განსაკუთრებით პატარა მდინარეებზე, წყალდიდობის ან წყალმოვარდნის მაქსიმალური ხარჯი საშუალო წლიურს 200-300-ჯერ აღემატება, დასავლეთ საქართველოში კი აღნიშნული მახასიათებელი 5-80-ს შეადგენს.

სეტყვა დასავლეთ საქართველოში იშვიათია, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ძირითადად, წლის თბილ პერიოდში, 2-3-ჯერ მაინც შეიძლება მოვიდეს. ამ მხრივ გამოირჩევა კახეთი. სეტყვა იშვიათია დაბლობებსა და მდინარეთა ფართო ხეობებში, ბორცვიანი და პლატოსებური რელიეფის პირობებში კი განმეორებადია. სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.

საქართველოს ნიადაგები

საქართველოში წარმოდგენილია როგორც ჭაობისა და ნახევარუდაბნოს, ასევე მთისა და ბარის ნიადაგები. ამავე დროს, მკაფიოდაა გამოხატული ნიადაგების ვერტიკალური ზონალობა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიებზე წარმოდგენილი ნიადაგები თვისობრივად მეტად განსხვავებულია, მათში კი რეგიონული განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია.

დასავლეთ საქართველოს ვაკე-დაბლობებსა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის ზონაში წარმოდგენილია ჭაობის, სუბტროპიკული ეწერი, ალუვიური, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები.

კოლხეთის დაბლობის დადაბლებულ ნაწილში გვხვდება ჭაობის ნიადაგების სახესხვაობები, რომელთა სამეურნეო ათვისება მხოლოდ მელორაციული ღონისძიებების შემდეგ არის შესაძლებელი. ზღვიურ და ძველ მდინარეულ ტერასებზე სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში და სხვ. გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები. ისინი მწირ და დაბალნაყოფიერ ნიადაგებად მიიჩნევა. მდინარეთა ქვემო წელის ხეობებში ჭალებსა და ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია ვითარდება, რომლებიც სამეურნეო თვალსაზრისით, მაღალნაყოფიერია.

წითელმიწები, გორაკბორცვიანი რელიეფის პირობებში, გავრცელებულია ზ.დ. 500 მ სიმაღლემდე აჭარის, გურიის, შედარებით ნაკლებად სამეგრელოსა და იმერეთის გორაკ-ბორცვებზე. წითელმიწები მაღალნაყოფიერი ნიადაგებია და ინტენსიურადაა ათვისებული სუბტროპიკული კულტურებით.

კოლხეთის დაბლობის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში- აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიებზე ზ.დ.-დან 500-700 მ სიმაღლეზე წარმოდგენილია ყვითელმიწები, რომლებიც ძირითადად გამოყენებულია ჩაის, ციტრუსებისა და ტუნგოს მოსაყვანად.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზომიერად მშრალი და მშრალი ჰავის პირობებში ჩამოყალიბებულია მშრალი ველებისა და ნახევარუდაბნოებისათვის დამახასიათებელი ყავისფერი შავმიწა, წაბლა, რუხი და დამლაშებული ნიადაგები.

ტყე-სტეპის ზონაში, მუხნარ-რცხილნარის ქვეშ, ზ.დ.-დან 1000-1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგები. ისინი წარმოდგენილია ახალციხის ქვაბულში, თბილისის შემოგარენში, კახეთში, ქართლში და სხვ. ყავისფერი ნიადაგები ნაყოფიერებით შავმიწებს უახლოვდება. მათზე გაშენებულია ვენახი, ხეხილის ბაღები და მარცვლოვანი კულტურები.

ივრის ზეგნის შემაღლებულ ადგილებზე, შირაქისა და სამგორის ველებზე, ზ.დ.-დან 500-800 მ სიმაღლეზე გავრცელებულია ბარის შავმიწები; გარდაბნისა და მარნეულის ვაკეებზე, სამგორის ველებსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში – წაბლა ნიადაგები.

მთის ნიადაგებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ყომრალი ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – ზ.დ.-დან 600 მ სიმაღლეზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზ.დ-დან 700-1000 მ-ზე იწყება და 1800-2000 მ-მდე ვრცელდება.

საქართველოს მთის ზონაში, სადაც ამგებ ქანებში კარბონატების მაღალი შემცველობაა, ნეშომპალა – კარბონატული ნიადაგები ჭარბობს. ისინი ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – ნაკლებად.

საქართველოს მაღალმთიანეთში ზ.დ.-დან  2000-3000 მ-მდე ფარგლებში გავრცელებულია მთა-მდელოს ნიადაგები. განასხვავებენ მათ კორდიან და ტორფიან სახესხვაობებს.

უმთავრესად კავკასიონის მაღალმთიან სარტყელში, ფრაგმენტების სახით კი სამხრეთ საქართველოში მთა-მდელო-სტეპის ნიადაგებს ვხვდებით. რაც შეეხება მთა-მდელოს შავმიწისებრ ნიადაგებს, ისინი სამხრეთ საქართველოს ვულკანურ მთიანეთისთვისაა დამახასიათებელი. ეს ნიადაგები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება, რის გამო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულია.

სასარგებლო წიაღისეული

1.ნავთობი:სამგორ-პატარეძეული,მირზაანი,პატარა შირაქი

2.ქვანახშირი:ტყიბულ-შაორი,ტყვარჩელი,გელათი,მაგანი.ბზიფა

3.მურა ნახშირი:ახალციხე

4.ტორფი:კოლხეთის დაბლობზე

5.რკინა:ფოლადაური,ძამა

6.მანგანუმი:ჭაითურა,ყვირილას საბადო(აჯამეთ-ჩხარის და შქმერის ექსპულატაცია დაკარგული საბადოები)

7.სპილენძი:მადნეული

8.ტყვია-თუთია:კვაისა

9.ბარიტი:ჩორდი(რაჭა)

10დარიშხანი-ლუხუმი(რაჭა)ცანა(სვანეთი)

11.ბეტონიტური ტიხები:გუმბრინი(ქ.ქუთაისთან) ასკანის(ქ.ოზურგეთთან)

12.ტუფი:

13.მარმარილო:ლოპოტა,შროშა,სალიეთი და სადახლო

14.კირქვა: (დასავლეთ საქართველოში)

15.მერგელი:კასპი

16.მინერალური წყაროები;საირმე,უწერა,ლუგელა,მენჯი,შოვი

17.სამკურნალო ტალახი:ახტალა

ტერიტორიების ზოგადი ცნობები

ადმინისტრაციული ნაწილები: აფხაზეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და თბილისი

ბლიზ ფაქტები:

დედაქალაქი – თბილისი

ფართობი – 69700 კმ² (121–ე ადგილი მსოფლიოში)

საზღვრების საერთო სიგრძე – 1970 კმ (აქედან სახმელეთო 1660კმ, საზღვაო 310კმ)

მოსახლეობა – 4,6 მილიონი (2009 წლის მონაცემებით,119–ე ადგილი მსოფლიოში)

მოსახლეობის სიმჭიდროვე – 66 კაცი 1კვ.კმ–ზე (132–ე ადგილი მსოფლიოში)

სახელმწიფო ენა – ქართული

სახელმწიფო წყობა – რესპუბლიკა

სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი

ფულადი ერთეული – ლარი

ეროვნული დღესასწაული – 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე

მთლიანი შიდა პროდუქტი(მშპ) – 11,2 მილიარდი დოლარი (2010 წ)

რელიგია – ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა)

მთავარი ქალაქები –ქუთაისი,რუსთავი,ბათუმი,სოხუმი,ჭიათურა,გორი,ფოთი,თელავი,ზუგდიდი

ადმინისტრაციული დაყოფა – სამხარეო (12 ადმინისტრაციული ერთეული)

სასაათო სარტყელი – მე–4

ინტერნეტ კოდი – GE

ძირითადი ქედები:

კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, გაგრის, ბზიფის, ჩხალთის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის(სამეგრელოს), ლეჩხუმის, რაჭის, ლიხის(სურამის), გერმუხის, ხარულის, ალევის, მთიულეთის, პირიქითის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთის, გომბორის.

მცირე კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის ქედები:

აჭარა–იმერეთის(მესხეთის), თრიალეთის, შავშეთის, არსიანის, სამსარის, ჯავახეთის, ერუშეთის მთიანეთი.

კავკასიონის ძირითადი მწვერვალები:

შხარა, უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი (ყაზბეგი), ტებულო, დიკლო, მეფისწყარო, ცივი, არჯევანი, შავიკლდე (ყარაყაი), დიდი აბული.

საქართველოს ძირითადი უღელტეხილები:

ყადორის, ჯვრის, როკის, ზეკარას, მამისონის, მარუხის, ქლუხორის, რიკოთის, გოდერძის, ცხრაწყაროს, ნაქერალას.

ძირითადი ვაკეები:

კოლხეთის დაბლობი, იმერეთის მაღლობი, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ვაკე, ივრის ზეგანი, ალაზნის ვაკე, ელდარის ვაკე

ძირითადი ქვაბულები:

რაჭის, თიანეთის, ლეჩხუმის, თბილისის, ახალციხის

რეკორდები

უმაღლესი მწვერვალი – შხარა (5068 მ)

უმდაბლესი ადგილი – ფოთსა და ყულევს შორის (1,5 – 2,3 მ)

უგრძესი მდინარე – ალაზანი (406 კმ)

უმოკლესი მდინარე – რეპრუა (18 მ, აფხაზეთი)

ყველაზე წყალუხვი მდინარე – რიონი

ყველაზე ღრმა ტბა – რიწა (101 მ, აფხაზეთი)

ყველაზე დიდი ტბა – ფარავანი (37,5 კვ,კმ)

ყველაზე დიდი წყალსაცავი – წალკის(33,7 კვ.კმ)

ყველაზე დიდი მყინვარი – ლეხზირი (სიგრძე 11,5 კმ. ფართობი 33.4 კვ,კმ)

ყველაზე ნალექიანი ადგილი – მთა მტირალა(ბათუმთან, 4750 მმ წელიწადში)

ყველაზე უნდალექო ადგილი – ელდარის ვაკე (250–300 მმ წელიწადში)

ყველაზე მაღალი ტემპერატურა – +43 გრადუსი (სოფელი ლათა აფხაზეთში, სოფელი ჭარნალი აჭარაში)

ყველაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა – –42 გრადუსი(ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური)

ყველაზე ღრმა უფსკრული – კრუბერი (სიღრმე 2190 მ, აფხაზეთი)

ყველაზე ძველი ნაკრძალი – ლაგოდეხის (დაარსდა 1912 წელს)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *