Blog
ისტორია – საქართველოს ისტორია
დიაოხი და კოლხა
ძვ. წ-ის II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოები წარმოიშვა. ზოგი ისტორიკოსი მათ „სამხედრო სახელმწიფოებსაც” უწოდებს, რადგან ისინი მუდმივად ომებს აწარმოებდნენ. ასეთები იყვნენ- ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი. სწორედ ასურულ ლურსმულ წარწერებში იხსენიება პირველად ქართული სახეკმწიფოებრივი გაერთიანება – დაიენი (დიაოხი). ასურეთის ერთ–ერთი უძლიერესი მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწერაში ლაპარაკია ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ. ასურელები „ნაირის“ ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა–წყალს. ამ წარწერაში იხსენიება დაიენის მეფე სიენი. დაიენი– დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა. მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდგომში დიაოხს იხსენიებენ ურარტული წარწერები. ურარტუს მეფეების მენუას (819–786) და არგიშთი მენუას ძის (786–764) ლურსმულ წარწერებში იხსენიება მათი ძლევამოსილი ლაშქრობები დიაოხის წინააღმდეგ. მენუა იხსენიებს დიაოხის მეფეს უტუფურშის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას.
არგიშთის შემდეგ დიაოხი აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში იხსენიება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი გაერთიანება – კოლხა (კულხა). მის შესახებ ლაპარაკია სარდურ II- ის (764–725) წარწერებში. როგორც ჩანს დიაოხის მიწები ურარტუმ და კოლხამ გადაინაწილეს და გამეზობლების შემდეგ მათ შორის ომები დაიწყო. ამაზე მეტყველებენ სარდურის წარწერები, საიდანაც ჩანს, რომ მან სულ ცოტა ორჯერ ილაშქრა კოლხეთში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუშა.
ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიწყო მომთაბარე სკვითების და კიმერიელების შემოსევები. ისინი შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აქედან ახლო აღმოსავლეთში. ამ შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა.
დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი
ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს ბერძნებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ) მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით -პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების – კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს – `მეტროპოლიები~ (დედაქალაქები) ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა.
როგორი იყო დამოკიდებულება მეყტოპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა.
რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა. ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო – ბარბაროსი. ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი 4 (ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე. პირველი ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს. ამ ქალაქების შესახებ ორი აზრი არსებობს: ზოგი თვლის, რომ ისინი ტიპური ბერძნული ქალაქები იყო, რომლებსაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ანუ პოლისები იყო. მეორეთა აზრით, კი კოლხეთში, სადაც კოლონიზაციის დროისთვის განვითარების მაღალი დონე და ადგილობრივი ტრადიციები ძლიერი იყო, ბერძენი მოახალშენეები ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებელი, ჩაკეტილი საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, ამ ნაქალაქარებზე ბერძნულ იმპორტულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი კოლხური მასალა თანაარსებობს და ჭარბობს კიდეც.
კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის ნაწარმი (გემთსაშენი მასალა), თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და მოსახლეობა ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის კიდეც მითი ოქროს საწმისზე, არგონავტებზე). კოლხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული და მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი. კოლხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს ადგილობრივი ვერცხლის ფული – კოლხური თეთრი, რომელიც ძვ.წ. VI ს-დან იჭრება.
პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
რომმა თანდათან გაფართოება დაიწყო. მან დაიპყრო გალია, დასავლეთ იბერია (თანამ. ესპანეთი), ბრიტანეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სირია. ეგვიპტე. აღმოსავლეთში მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეზობელი პონტოს სამეფო იყო. ძვ. წ. I საუკუნისთვის აღმოსავლეთში პონტოს სამეფოსთან ომები დაიწყო. ამ დროს პონტოს მეფე იყო მითრიდატე VI ევპატორი. მითრიდატეს ემორჩილებოდა დასავლეთ საქართველო, ხოლო მისი მოკავშირეები იყვნენ სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი (ძვ.წ 95–56), იბერიის (ქართლის) მეფე არტაგი და ალბანეთის მეფე. რომაელებმა ჯერ მითრიდატე დაამარცხეს, შემდეგ ტიგრანი დაიმორჩილეს. ძვ.წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი ქართლს (იბერიას) მოადგა. როგორც რომული ისტორიკოსები გადმოგვცემენ, იბერები მტკვრის ორივე სანაპიროზე ცხოვრობენ. მეფე არტაგმა მოციქულები გაუგზავნა პომპეუსს, რათა ის დაებრკოლებინა, თავად კი ომისთვის მზადება დაიწყო. ეს პომპეუსმა შეიტყო და მოულოდნელად თავს დაესხა იბერთა ციხეს. არტაგმა მოასწრო გაქცევა და მდინარე მტკვარზე გადებული ხიდის განადგურება. შემდეგ კვლავ გაუგზავნა ელჩები. ის კისრულობდა ხიდის აღდგენას და პომპეუსის ჯარის სურსათით მოამრაგებას. ეს პირობა არტაგმა შეასრულა, მაგრამ როგორც კი პომპეუსის ჯარი მეორე ნაპირზე გადმოვიდა, არტაგს შეეშინდა, მდინარე არაგვზე გადავიდა და ეხლა იქ გადებული ხიდი დაწვა. მისი ჯარისკაცები, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს ტყეს შეეფარნენ და მაღალი ხეებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ისრებით მტერს ანადგურებდნენ. შემდეგ რომაელებმა ხეები მოჭრეს და ისინი დახოცეს.საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი მაინც დაზავდნენ. არტაგმა მას შვილები გაუგზავნა მძევლად, ხოლო საჩუქრებად – ოქროს სარეცელი, მაგიდა და სამეფო ტახტი. იბერთა მეფე გამოცხადდა „რომის მეგობრად და მოკავშირედ“.
ფარსმან ქველი და რომის იმპერია
პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ რომის იმპერია ირანის ტერიტორიაზე არსებულ პართიას გაუმეზობლდა. პართიამ დაუდო ზღვარი რომის იმპერიის აღმოსავლეთით წინსვლას. მათი შემდგომი ურთიერთობა, ხან ომით და ხან ზავით მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ I-II სს. რომის სიძლიერის ხანად ითვლება, რომის იმპერია ამ დროს ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობდა. ქართლის სამეფოც ამ პერიოდში ნელ–ნელა გაძლიერდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ რომს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩრდილო კავკასიელი მეომარი ტომების შესაჩერებლად ძლიერი ქართლის სამეფო სჭირდებოდა და ხელს არ უშლიდა მის გაძლიერებას. ქვეყანა განსაკუთრებით გაძლიერდა II ს-ის 30–50 – იან წლებში, როდესაც აქ მეფობდა ფარსმან ქველი. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე(117–138). ადრიანე იმპერიის აღმ. პროვინციების მმართველებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. როდესაც ის კაბადოკიაში ჩავიდა, მან აღმოსავლეთის მეფეები და მთავრები თავისთან მიიწვია. ფარსმანმა, რომელსაც თავი დამოუკიდებლად ეჭირა, უარი თქვა მიწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას ყველაზე მდიდრული საჩუქრები, მათ შორის სპილო და 50 მხედარი გაუგზავნა. ფარსმანმა მართალია ჩამოსვლა არ ისურვა, მაგრამ თვითონაც უამრავი საჩუქარი გამოუგზავნა ადრიანეს, მათ შორის მოოქროვილი წამოსასხამები. გაბრაზებულმა ადრიანემ ეს მოსასხამები არენაზე გამოსულ გლადიატორებს ჩააცვა.
ამ დაპირისპირების მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ფარსმანმა რომის იმპერატორის ნებართვის გარეშე თავისი სამეფო შავ ზღვამდე გააფართოვა (თანამედროვე გურია–აჭარის ტერიტორიები). თუმცა შემდგომმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (138–161) ეს ტერიტორიები ფარსმანს დაუმტკიცა და რომთან ურთიერთობა მოწესრიგდა. ფარსმანი რომშიც კი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად. იმპერატორმა მას ნება მისცა კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება კი მარსის მოედანზე აღმართა. ამ პერიოდში ფარსმანს პართელებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მის საზღვრებს ჩრდილო კავკასიელებს ხშირად შეუსევდა ხოლმე. ამიტომ მათ მოისყიდეს მისი მზარეული და მოწამლეს
ქართლის გაქრისტიანება
რომის მეტოქე III საუკუნიდან სასანიანთა (ახალი დინასტია ირანის ტახტზე) ირანი გახდა. ისინი ერთმანეთს რელიგიურ სფეროშიც დაუპირისპირდნენ. სასანიანებმა, ირანის სათავეში მოსვლისთანავე, ძველი რელიგია ზოროასტროზმი, იგივე მაზდეანობა ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მაზდეანთა „უმაღლესი ქურუმი“ შაჰინშაჰის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პირად ითვლებოდა. ირანელები დაპყრობილ ტერიტორიებზე ამ რელიგიის გავრცელებას ცდილობდნენ და ცეცხლთაყვანისმცემლებისთვის ტაძრებს აგებდნენ.
იმავდროულად რომშიც დაიწყო მცდელობა, მაზდეანობის საპირისპიროდ მოეძებნათ ერთიანი რელიგია მსოფლიო იმპერიისთვის. IV ს-ში რომის იმპერია ორ ნაწილად – დასავლეთის და აღმოსავლეთის იმპერიებად გაიყო. მაგრამ მანამდე იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) იმპერიის დედაქალაქი ბოსფორის სრუტეზე მდებარე ქალაქ ბიზანტიონში გადმოიტანა, რომელიც კონსტანტინეს ქალაქად – კონსტანტინოპოლად იწოდა. როდესაც IV ს-ის ბოლოს რომი 7 საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთ რომის იმპერიას – უკვე ბიზანტიის იმპერიად იხსენიებენ, ხოლო მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა.
325 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის I საეკლესიო კრებაზე რომის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. რომის კვალდაკვალ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ქართლშიც გამოცხადდა ( ზოგი ცნობით 326, ზოგით კი 337 წელს ). ამ დროს ქართლის მეფე იყო მირიანი. ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ I ს-ში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს (დასავლეთ საქართველოში). მაგრამ სახელმწიფო რელიგიად მხოლოდ IV-ს-ის დასაწყისში გამოცხადდა. ამ დროს ქართლში კაბადოკიიდან ჩამოვიდა წმინდა ნინო.
ნინო ქართლში თავდაპირველად ქ. ურბნისში მოვიდა, სადაც ერთი თვე დაყო. ერთ დღეს მან ნახა, რომ მთელი ქალაქი მცხეთაში წავიდა სავაჭროდ და სალოცავად, არმაზისთვის მსხვერპლის შესაწირად. ნინო თან გაყვა. მეორე დღეს მთელი ხალხი წავიდა არმაზის ციხისკენ. აქ გაემართნენ მირიან მეფეც და ნანა დედოფალიც. ნინო დაწინაურდა და მათ არმაზის ციხეში მიასწრო. მან აქ იხილა არმაზის კერპი, სპილენძის კაცი, ხმლით ხელში და ზურმუხტის თვალებით. მის მარჯვნივ ოქროს კერპის გაცი, ხოლო მარცხნივ ვერცხლის – გაიმი იდგა. ნინო შეწუხდა, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის გაკეთებულ უსულო კერპებს. ნინომ ილოცა და ქრისტეს სთხოვა კერპების დალეწვა. ლოცვის დასრულებისთანავე მოიღრუბლა, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, მოვიდა სეტყვა. ხალხი გაიქცა. მეორე დღეს კერპების ნაკვალევი აღარ იყო. ნინო მეფის მებაღესთან დასახლდა დიდ ბაღში, სადაც ახლა სვეტიცხოველი დგას. აქ ის 9 თვე ცხოვრობდა. მებაღე და მისი ცოლი გააქრისტიანა. შემდეგ ის ქალაქგარეთ, მაყვლის ბუჩქთან დასახლდა (ეს ბუჩქი ახლანდელი „სამთავსის’’ საკურთხევლის ადგილას იდგა). მან ვაზის ნასხლავისგან ჯვარი გააკეთა, დადგა მაყვლის ქვეშ და იქ ლოცულობდა. ასე გაატარა 6 წელი. ის ქრისტიანობას ფარულად ქადაგებდა და ხალხს კურნავდა. მან დედოფალი ნანა მძიმე სენისგან განკურნა და შემდეგ გააქრისტიანა. უფრო გვიან კი მირიანიც დაარწმუნა და მასაც მიაღებინა ქრისტიანობა. ლეგენდის თანახმად მირიანი თხოთის მთებთან (ქ.გორთან) ნადირობდა. უცებ მას დაუბნელდა და დარჩა მარტო. გზა ვეღარ გაიკვლია. მან პირველად დახმარება ძველ ღმერთებს შესთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ნინოს ღმერთს შეევედრა და სიბნელე მაშინვე გადაიყარა. უკან მობრუნებულმა მირიანმა ნინო დაიბარა და ქრისტიანი გახდა. მან რომის იმპერატორს მღვდლების გამოგზავნა თხოვა. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ნინოს რჩევით თავის ბაღში ხის ეკლესია ააგო. ამის შემდეგ მღვდლებიც ჩამოვიდნენ და ქრისტიანობა მთელ ქვეყანაში გაავრცელეს. ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა ქრისტიანობა მთაშიც გაავრცელეს. აქ მათ ძველი კერპები დაანგრიეს. მთიელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეფის ერისთავმა ძალა გამოიყენა. შემდეგ ნინომ ქრისტიანობა კახეთ-კუხეთშიც გაავრცელა. კუხეთში ნინო დასნეულდა და გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ბოდბის მონასტერში (ქ. სიღნაღთან).
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი ქართული დამწერლობა შეიქმნა. მანამდე გამოიყენებოდა არამეული და ბერძნული დამწერლობები. ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია პალესტინაში ( V საუკუნის 30-იანი წლები), ბოლნისის სიონის კედლებზე (V საუკუნის ბოლო), ასევე VI – VII სს. – მცხეთის წარწერები ( ჯვარზე).
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში გამეფდა. მისი მოღვაწეობის შესახებ იმფორმაციას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების’’ ერთ – ერთი ისტორიული თხზულება – ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას ცეცხლთაყვანმცემლობას, იგივე მაზდეანობას, ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. მათი მოგვთა უფროსი ბინქარანი ცეცხლთაყვანისმცემლურ ტაძრებს აგებდა.
როდესაც 10 წლის იყო ვახტანგი, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსებმა ილაშქრეს ქართლში. იმავე დროს ბიზანტიელებმა ეგრისი დაიპყრეს თავის დედაქალაქით -ციხეგოჯით . ცოტა რომ წამოიზარდა, ვახტანგი იძულებული იყო ქართლის ჯარით ირანში წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა ვახტანგმა მოიწვია სამეფო საბჭო – დარბაზი. დარბაზს ესწრებოდნენ ჯუანშერ სპასპეტი , ორი ეპისკოპოსი და ერისთავები. ვახტანგმა სამეფო კარს ამცნო თავის გადაწყვეტილება ოსებზე ლაშქრობის შესახებ. დარბაზმა ეს ლაშქრობა გადაწყვიტა. ვახტანგმა მოციქული გაუგზავნა დედის ძმას, რანის (ჰერეთის) ერისთავს ვარაზ ბაკურს და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა, რადგან თავადაც შეწუხებული იყო ოსების ლაშქრობებით. გაერთიანებულმა ლაშქარმა დარიალის კარით ილაშქრა ოსეთში და გაიმარჯვა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მთიულები მცველებად დააყენა. ისინი ქართლს ჩრდილო კავკასიელებისგან იცავდნენ. ამის შემდეგ მან დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი . შემდეგ ირანელებთან ერთად ბიზანტიელებთა წინააღმდეგ ილაშქრა, რის შედეგად ბიზანტიის იმპერატორმა მას დაუბრუნა ქართლის სასაზღვრო მიწები, თუხარისის ციხე, კლარჯეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილი. ირანელებისგან შეწუხებულმა ვახტანგმა ვახტანგმა ბიზანტიას მოკავშირეობა შესტავაზა. მან ქართული ეკლესიის რეორგანიზაცია და კათალიკოსობის დაწესება გადაწყვიტა. მანამდე ქართლში უმაღლესი სასულიერო პირი მთავარეპისკოპოსი მიქაელი იყო, რომელიც იერარქიულად კათალიკოსზე დაბლა იდგა. ვახტანგმა მოციქულები გაგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ითხოვა კათალიკოსად პეტრე და ეპისკოპოსად სამოელი. ეს პირები წარგზავნეს ანტიოქიის პატრიარქთან. ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა პეტრე კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი. მცხეთაში ვახტანგმა ააგო მოციქულთა ეკლესია სვეტიცხოველი (აქ ადრე მირიანის მიერ აშენებული პატარა ეკლესია იყო) და პეტრე იქ დაჯდა კათალიკოსად, ხოლო სამოელი – ეპისკოპოსად. დანარჩენი საეპისკოპოსოები იყო: ახიზის (კლარჯეთში) , ერუშეთის (არტაანში) , წუნდის (ჯავახეთში) , მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის , ნინოწმინდის, უჯარმის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის ( ხუნანში ). შემდეგ ნიქოზშიც ააგო ეკლესია, სადაც დაკრძალული იყო სპარსელთაგან წამებული წმინდა რაჟდენი და იქაც ეპისკოპოსი დასვა. მალე ვახტანგმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. პირველ რიგში 482 წელს, მან მოკლა ირანელთა მოკავშირე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი. მარტო ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლა საშიში იყო. ამიტომ ვახტანგი დაუკავშირდა სომხეთის წარჩინებულებს. ვახტანგი მათ დაპირდა, რომ ჩრდილო კავკასიელ ჰუნებს დაიქირავებდა და მათი დახმარებით სპარსელებს დაამარცხებდნენ. სამწუხაროდ , ჩრდილო კავკასიიდან ქართველებს და სომხებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი შეუერთდა. ამ დროს არც ბიზანტიას ეცალა მათ დასახმარებლად. 484 წელს სამხრეთ კავკასიაში ირანელთა დიდი ლაშქარი მოვიდა 9 ჰაზარავუხტის სარდლობით. მას ნაბრძანები ჰქონდა ვახტანგის ან შეპყრობა, ან მოკვლა, ან კიდევ ქვეყნიდან გაძევება. ჰაზარავუხტმა შეკრიბა ქართველი დიდებულები და დიდი წყალობა აღუთქვა, თუ მას მიემხრობოდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა ეგრისში გახიზნულიყო. თუმცა ამ დროს ირანის შაჰი პეროზი შუა აზიაში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა და ირანელთა სარდალი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ ირანელები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ დიდ დათმობებზე წავიდნენ: ქრისტიანობის დევნა შეწყვიტეს, სომეხთა მხრიდან აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს, ალბანეთში გაუქმებული მეფობა აღადგინეს, ალბანეთის მეფემ ადრე უარყოფილი ქრისტიანობა დაიბრუნა. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ ვახტანგი კვლავ აგრძელებდა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას . ქართლში ირანელთა ახალი ლაშქარი მოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კახეთში, მდინარე იორის პირას. ამ ბრძოლაში ვახტანგი მოწამლული ისრით ერთმა სპარსელმა დაჭრა. სწორედ ამ ჭრილობისგან გარდაიცვალა 502 წელს. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში.
ვახტანგის სახელს უკავშირდება ქ. თბილისის დაარსება. მისი ანდერძის თანახმად აქ დედაქალაქი მისმა ვაჟმა დაჩიმ გადმოიტანა.
მურვან-ყრუს ლაშქრობა
ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩილდნენ,მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735-737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა, რომელსაც ქართველებმა სისასტიკის და იმის გამოც, რომ არავის რჩევას ყურს არ უგდებდა ყრუ შეარქვეს. მურვან-ყრუს 120 000 – იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაანგრია,შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპოლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან- ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გადავიდა.მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო.
ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ გადაიქცა. მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს არაბებმა აწამეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც მურვან-ყრუმ ტყვედ ჩააგდო
დავით აღმაშენებელი
გიორგი II 1089 წელს გადადგა თავის სვილის დავითის სასარგებლოდ. დავით IV აღმაშენებელი მეფობდა 1089–1125 წწ. მან პირველ რიგში შექმნა პატარა მუდმივი არმია, რომლითაც მომთაბარე თურქებს ებრძოდა. მან მეფობის დასაწყისშივე დასაჯა ურჩი ფეოდალები – 1097წ. კლდეკარის საერისთავო გააქმება და ლიპარიტ ბაღუაში ბიზანტიაში გადაასახლა. იმავე წელს თურქებს ხარკი შეუწყვიტა. 1103–1104 წწ. (ზოგგან 1105 წელი) მოიწვია რუის- ურბნისის საეკლესიო კრება. ამ კრებაზე ეკლესიიდან გააძევეს უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირები.
აქვე გაერთიანდა ჭყონდიდელის (სასულიერო) და მწიგნობართუხუცესის (საერო) თანამდებობები. დავითმა შექმნა სავაზირო. ყველა უწყებას უხუცესი ანუ მინისტრი ხელმძღვანელობდა. მათზე ზემოთ იდგა მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ანუ ფაქტიურად პრემიერ–მინისტრი, რომელიც მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა. პირველი მწიგნობართუხუცეს – ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი.
სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები იყვნენ: მეჭურჭლეთუხუცესი–ფინანსების, მანდატურთუხუცესი–შინაგან საქმეთა (აქვე შედიოდა „მსტოვართა ინსტიტუტი“–შიდა და საგარეო დაზვერვა), ამირსპასალარი–სამხედრო საქმის. უზენაეს სასამართლოს–„სააჯო კარს“ მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და ნებისმიერს შეეძლო მისთვის მიემართა და სამართალი ეპოვა. სამხედრო რეფორმა- ჯარი სამ ნაწილად გაიყო: „მონასპა“–მეფის პირადი გვარდია; მეციხოვნეები–ციხეებს და ქალაქებს იცავდნენ და მოლაშქრეები (ძირითადი ჯარი). 1118წ. დავითმა ჩამოასახლა 40 000 ოჯახი ყივჩაღი, რომელთაც მუდმივ ჯარში ოჯახიდან ერთი მოლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. დროთა განმავლობაში დავითმა მთელი საქართველო გააერთიანა. 1103-1104 წლებში კახეთი შემოიერთა. შემდეგ თბილისის საამიროს ტერიტორიებიც დაიკავა და თბილისს ხარკი დააკისრა. 1121 წელს თბილისის, დმანისის და განჯის ვაჭრებმა დახმარებისთვის მიმართეს არაბთა ხალიფას, რათა დაეცვა ქართველი მეფისაგან. გაერთიანებულ მუსლიმთა ჯარს ნეჯმ ედ დინ ილღაზი (მაიფარაკინის მმართველი, ჯვაროსნებთან ომის გმირი) მეთაურობდა. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მოხდა ბრძოლა. ბრძოლის წინ ქართველთა მეფემ უკან დასახევი გზა ხეობაში ჩაიკეტა. ბრძოლის დაწყების წინ 200 მეომარი გაემართა მტრისკენ. მტერს ეგონა ზავის სათხოვნელად ან დასანებებლად მოდიანო და თავის განლაგებაში შეუშვეს. მათ კი ხმლები იშიშვლეს და არეულობა შეიტანეს მტრის ჯარში.
შემდეგ დავითმა და მისმა ვაჟმა დემეტრემ მტერს ორი მხრიდან დაარტყეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 1122წ. დავითმა თბილისი აიღო. დავით IV აღმაშენებელი1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.
101 მნიშვნელოვანი თარიღი საქარტველოს ისტორიაში
1. 304-237 ძვ.წ. ფარნავაზ I-ის მეფობა.აზოს დამარცხება და იბერიის მეფედ კურთხევა.
2. 65 ძვ.წ. პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში.
3. 36 ძვ.წ. კრასუსის ლაშქრობა იბერიაში და მეფე ფარნავაზ II-ის დამორჩილება.
4. 40-50წწ.ანდრია მოციქულის მიერ ქრისტიანობის ქადაგება აჭარაში, კლაჯეთში, სამცხეში, სვანეთსა და აფხაზეთში.
5. 120-150წწ.ფარსმან II-ის მიერ დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის შემოერთება.მისი სტუმრობა რომში იმპერატორ ანტონიუს პიუსთან.
6. 298წ.ნისიბინის ზავი ირანსა და რომს შორის. იბერიის გამოცხადება რომის გავლენის სფეროდ.
7. 337წ.მირიან III-ის მიერ ქრისტიანობის სახემწიფო რელიგიად გამოცხადება.
8. 482-484წწ.ქართველთა და სომეხთა ანტიირანული აჯანყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით.
9. 532წ. მეფობის გაუქმება ქართლში.
10 .627წ.თბილისის აოხრება ხაზართა მიერ.
11. 653წ.არაბთა შემოსვლა ქართლში, “დაცვის სიგელის” დადება და დახარკვა.
12. 735-736წწ.მურვან ყრუს დამსჯელი ლაშქრობა.
13. 853წ.ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში.
14. 989წ.ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის დამორჩილება.
15. 1010წ.კახეთ-ჰერეთის შემოერთება ერთიანი საქართველოს სამეფოსათვის.
16. 1064-168წწ.ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში.
17. 1080წ. “დიდი თურქობა” და აოხრება საქართველოსი.
18. 1096წ.კლდეკარის ერისთავის ლიპარტის გაძევება საქართველოდან.
19. 1099წ.საქართველოს განთავისუფლება თურქ-სელჩუკთა მოხარკეობისაგან.
20. 1104წ.კახეთის მეფის აღსართანის შეპყრობა და ჰერეთ-კახეთის შემოერთება. განძის ათაბაგზე გამარჯვება ერწუხის ბრძოლაში.
21. 1121წ.დიდგორის ბრძოლა და ქართველების ძლევამოსილი გამარჯვება.
22. 1122წ.თბილისის განთავისუფლება 400-წლიანი ბატონობისგან.
23. 1195წ. ათაბაგ აბუ-ბაქრის ჯარის სასტიკი დამარცხება შამქორის ბრძოლაში.
24. 1204წ. რუმის სულთნის რუქნადინის კოალიციური ლაშქრის განადგურება ბასიანის ბრძოლაში.
25. 1220-1221წწ.პირველი ბრძოლა მონღოლებთან და მარცხი.
26. 1225წ.ჯალალ ედ-დინის შემოსევა და ქართველების სასტიკი მარცხი გარნისის ბრძოლაში.
27. 1228წ.ქართველების მორიგი მარცხი ხვარაზმელებთან ბოლნისის ბრძოლაში.
28. 1235-1236წწ.აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.
29. 1243-1256წწ.საქართველო ოქროს ურდოს შემადგენლობაში.
30. 1247წ. კოხტასთავის შეთქმულება.
31. 1289წ. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯა მონღოლების მიერ.
32. XIV ს.-ის 30-იანი წლები საქართველოს განთავისუფლება მონღოლთა ბატონობისგან გიორგი V ბრწყინვალის მიერ.
33. 1386წ.თემურლენგის პირველი შემოსევა თბილისის აღება.
34. 1387წ. თემურლენგის მეორე შემოსევა.
35. 1393-1394წწ. თემურლენგის მესამე და მეოთხე შემოსევა.
36. 1399წ. თემურლენგის მეხუთე შემოსევა.
37. 1400წ. თემურლენგის მეექვსე შემოსევა.
38. 1401წ. თემურლენგის მეშვიდე შემოსევა.
39. 1403წ. თემურლენგის მერვე შემოსევა. ზავის დადება თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის.
40. 1407წ.შავბატკნიანი(ყარა-ყოიყნლუს) თურქმანების შემოსევა. გიორგი VII-ის სიკვდილი ბრძოლაში.
41. 1440წ. შაჰ-ჯაჰანის ლაშქრობა საქართველოში.
42. 1461-1462წწ.უზუნ-ჰასანის პირველი შემოსევა.
43. 1464წ.გიორგი VIII-ის დამარცხება ჩიხორის ბრძოლაში და სამცხისა და იმერეთის საბოლოო განდგომა.
44.1477წ.უზუნ-ჰასანის მეორე შემოსევა.
45. 1483წ. ყვარყვარე II ჯაყელის გამარჯვება კონსტანტინე II-ის ლაშქარზე. არადეთის ბრძოლაში.
46. 1485-1486 და 1488წწ. იაყუბ-ყაენის ლაშქრობა საქართველოში.
47. 1518წ. ირანის შაჰის ისმაილ I-ის შემოსევა.აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ირანის ვასალები ხდებიან.
48. 1522წ. თელეთის ბრძოლა. თბილისის აღება ყიზილბაშების მიერ.
49.1535წ. მუჯახეთის ბრძოლა. სამცხის საათაბაგოს შეერთება იმერეთის სამეფოსთან.
50. 1541წ. სპარსეთის შაჰის თამაზ I-ის პირველი ლაშქრობა საქართველოში.
51. 1545წ.იმერეთის დამარცხება ოსმალებთან სოხოიტის ბრძოლაში.სამცხის საათაბაგოს გამოყოფა იმერეთის სამეფოსგან.
52. 1546-1547წწ.თამაზ I-ის მეორე ლაშქრობა საქართველოში.
53. 1551წ.თამაზ I-ის მესამე ლაშქრობა საქართველოში.
54. 1554წ. თამაზ I-ის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში.
55. 1556წ.ქართლის ჯარის გამარჯვება ირანელებზე გარისის ბრძოლაში სიმონ ლუარსაბის ძის მეთაურობით.
56. 1569წ.სიმონ I ატყვევებს დაუდ-ხანს ფარცხისის ბრძოლაში.
57. 1578-1606წწ.ოსმალთა ბატონობა საქართველოში.
58. 1588წ.სიმონ I ზავდება ოსმალეთთან, თავს ესხმის იმერეთს შემოერთების მიზნით და იმარჯვებს გოფანთოს ბრძოლაში.
59. 1590წ. სიმონ I-ის ცდა იმერეთის შემოსაერთებლად მარცხით მთავდება ოფშკვითის ბრძოლაში.
60. 1599-1600წწ. ნახიდურის ბრძოლა და სიმონ I-ის დატყვევება ოსმალების მიერ.
61. 1609წ.ოსმალების შემოჭრა ქართლში და თევდორეს გმირობა.
62. 1614წ. შაჰ აბას I-ის ლაშქრობა ქართლ-კახეთში.
63. 1616-1617წწ. შაჰ აბას I-ის ლაშქრობა კახეთში.
64.1622წ. ლუარსაბ II-ის სიკვდილით დასჯა ირანში.
65. 1624წ. ქეთევან დედოფლის სიკვდილით დასჯა ირანში.
66. 1625წ.აჯანყება ირანის წინააღმდეგ და გამარჯვება მარტყოფის ბრძოლაში გიორგი სააკაძის და თეიმურაზ I-ის ხემძღვანელობით.
67. 1625წ.თეიმურაზ I მარაბდის ბრძოლაში ირანელებთან მარცხდება.
68. 1626წ.გიორგი სააკაძის რაზმები მარცხდება თეიმურაზ I-ის ლაშქართან. ბაზალეთის ბრძოლაში.
69. 1659წ.ბახტრიონის აჯანყება კახეთში და ირანის გეგმების ჩაშლა.
70. 1723წ. ოსმალები თბილის იღებენ.
71. 1723-1735წწ. ოსმალების ბატონობა ქართლში.
72. 1735-1747წწ. ნადირ-შაჰის მიერ ოსმალების განდევნა და ქართლის ირანის გავლენის ქვეშ მოქცევა.
73. 1757წ. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის გამარჯვება თურქებზე ხრესილის ბრძოლაში.
74. 1770წ.ერეკლე II-ის გამარჯვება ოსმალებზე ასპინძის ბრძოლაში.
75.1774წ. ოსმალების შემოსევა იმერეთში. ჩხერის ბრძოლა.
77. 1780წ. იმერეთ-გურია-ოდიშის გაერთიანებული ლაშქრის გამარჯვება ოსმალებზე რუხის ბრძოლაში.
78. 1783წ.გეორგივსკის ტრაქტატზე ხელმოწერა.
79. 1795წ.ირანელები აღღა-მახმად-ხანის მეთაურობით ამარცხებენ ერეკლე II-ის ლაშქარს კრწანისის ბრძოლაში.
80. 1801წ. რუსეთის იმპერატორების პავლე I-ის და ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაზე და მისი რუსეთთან შეერთებაზე.
81. 1802წ. ქართლ-კახეთის ანექსირება რუსების მიერ.
82. 1804წ.მთიულეთის ანტირუსული აჯანყება.
83. 1810წ. სოლომონ II-ის ტახტიდან ჩამოგდება და იმერეთის ანექსირება რუსების მიერ.
84. 1811წ.რუსეთი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აუქმებს.
85. 1812წ. კახეთის ანტირუსული აჯანყება.
86. 1819-1820წწ. იმერეთის ანტირუსული აჯანყება.
87.1828წ. გურიის სამთავროს გაუქმება.
88.1832წ. ქართველი თავად-აზნაურთა შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ.
89.1857წ. სამეგრელოს სამთავროს გაუქმება.
90.1858წ.სვანეთის სამთავროს გაუქმება.
91.1864წ.აფხაზეთის სამთავროს გაუქმება.
92.1918წ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
93.1921წ.წითელი რუსეთის მე-11 არმიის საქართველოში შემოსვლა და ანექსია.
94.1921-1922წწ. ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში.
95.1924წ. ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში.
96.1989წ. მშვიდობიანი მიტინგის დარბევა საბჭოთა ჯარების მიერ.
97.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
98.1992წ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა.
99.1992-1993წწ. სამოქალაქო ომი აფხაზეთში და სოხუმის დაცემა.
100.2003წ. ვარდების რევულუცია და ედუარდ შევარდნაძის მშვიდობიანი გადადგომა.
101.2012წ. საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების პირველი ცვლილება.